ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტურისტული ლოკაციები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაშია შესული.

გარდა გელათისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა სამონასტრო კომპლექსი მოწამეთა და ცხრაჯვარის  სალოცავი, რომელიც ზღვის დონიდან 1569 მეტრზე მდებარეობს. იგი კოლხეთის დაბლობის ყველა დასახლებული პუნქტიდან ჩანს. ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს ცხრაჯვარობას აღნიშნავენ იმერეთში, განსაკუთრებით ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებში. ცხრაჯვარის სალოცავთან ახლოს სულ ცოტა ხნის წინ უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს. ამდენად, ეს ადგილი ტურისტებსაც განსაკუთრებით იზიდავს.

ასევე ჯვარისცუცხვათის და საწირის ციხეები. სხვა ისტორიული ძეგლებია:

  • ადრეული შუასაუკუნეების ციხე “შეუპოვარი” და შუა საუკუნეების “ელდათის” ეკლესია მუხურაში
  • შუა საუკუნეების ციხე და ეკლესია ციხიაში
  • X საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და შუა საუკუნეების ციხე ჯონიაში
  • X საუკუნის მთასაყდარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ძმუისში
  • X – XI საუკუნეების ზენობნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, შუა საუკუნეების სამი კოშკი და ორი ეკლესია კურსებში
  • X – XI საუკუნეების მთავარანგელოზის კარის ეკლესია და გვიანი შუასაუკუნეების კოშკი ძიროვანში
  • XI – XII საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია კისორეთში
  • XII საუკუნის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია ბუეთში

არქეოლოგიური ძეგლები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ცუცხვათის მიდამოებში აღმოჩენილია ცუცხვათის მღვიმე, რომელიც რომელიც 13 სართულისაგან შედგება. რამდენიმე სართულში წარმოქმნილია სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმეთა შორის სჭარბობს ე.წ. „თბილი მღვიმეები”, რომლებიც საცხოვრებლად გამოუყენებიათ პირველყოფილ ადამიანებს. ეს მღვიმე საკულტო დანიშნულებისათვისაც ყოფილა გამოყენებული. მღვიმეში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე, აგრეთვე ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები. არქეოლოგიურმა ძიებამ დაადასტურა, რომ ეს მხარე ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასასრულს იყო სამთამადნო წარმოების კერა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სხვა არქეოლოგიური ძეგლებია ქვის ხანის იაზონის მღვიმე და საბელასერის შუა ქვის ხანის სადგომ-სახელოსნო.

გააზიარე